პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა რუსთავსა და მარნეულს COVID-19-თან ბრძოლის თავდაცვითი საშუალებები გადასცა
პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა, PL-მა, კორონავირუსის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები გადასცა.
სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა, ფონდის დირექტორი – იუსტინა კუცუკი და კომუნიკაციების მენეჯერი – ეკატერინე ცვარიანი ესწრებოდნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა პოლონურ მხარეს ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის.
,,მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების სახელით პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მიმართ, რომელიც მათი პრეზიდენტის ინიციატივითაა შექმნილი. ისინი ყველგან წლების მანძილზე ხელს უწყობენ ევროპული ღირებულებების, საბაზრო ეკონომიკის, საჯარო და კერძო სექტორის – დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას და ამ გლობალურ გამოწვევაშიც ჩვენს გვერდით არიან“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.