არჩილ ჯაფარიძე: საკარანტინე ზონაში მშვიდი ვითარებაა
“საკარანტინე ზონაში ვითარება მშვიდია, რამე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა ლენტეხში, ისევე, როგორც მთელს რეგიონში, არ დაფიქსირებულა.
„საკარანტინე ზონაში ვითარება მშვიდია, მუნიციპალიტეტი პროდუქტებითა და მედიკამენტებით უწყვეტ რეჟიმში მარაგდება, თვითიზოლაციის ან სხა რამე სახის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. კორონავირუსით ლენტეხში სულ 5 პირია დაინფიცირებული, ასამდე კი მკაცრ იზოლაციაში იმყოფება“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
რწმუნებულის ინფორმაციით, გასულ დღეებში ლენტეხში პირბადეების დეფიციტი იყო, რომელიც ამ დროისთვის აღმოფხვრილია. მისივე განმარტებით, დღეიდან ყველა აფთიაქში პირბადე 50 თეთრად გაიყიდება და მას ყველა მსურველი შეიძენს.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე დღეა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.