“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სახლიდან მხოლოდ ერთხელ გამოვიდა”
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მიღებული ანალიზის პასუხებით კორონავირუსი მათ კლინიკაში მყოფ ერთ პაციენტს დაუდგინდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ამჟამად კლინიკაში 41 პაციენტი იმყოფება, გუშინ კვლევაზე 25 ანალიზი გაიგზავნა. 24 პაციენტის პასუხი მიღებულია და ერთზე კვლევა გრძელდება. 24 ანალიზიდან ერთ პაციენტთან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოვიდა. პაციენტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე გადაყვანილია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლასტერებიდან ვერაფერს გამოვყოფ. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და საკვები პროდუქტების გამო, სახლიდან მხოლოდ ერთხელ გამოვიდა. ერთი პაციენტის პასუხს ველოდებით. უკვე დაწყებულია ახალი პაციენტების მიღება“,-განაცხადა ბექაიამ.