ლევან გოფოძე: ყველა ის ადამიანი, ვინც მომეტებულ კონტაქტშია სხვა ადამიანებთან, შესაძლოა დასნებოვდნენ, მათ შორის, სასულიერო პირებიც, რომლებიც მრევლთან არიან ახლო კონტაქტში

“რაც უფრო გავრცელდება კორონავირუსი, მით უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც შეიძლება გაეზარდოს დასნებოვნების რისკი, უპირველეს ყოვლისა ესენი არიან მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი ვინც მომეტებულ კონტაქტშია სხვა ადამიანებთან რა თქმა უნდა რისკ ჯგუფშია და შესაძლოა დასნებოვდეს.

“ახალი რისკ ჯგუფების შექმნა განაპირობა იმან, რომ რაც უფრო გავრცელდება დაავადება მით უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც შეიძლება გაეზარდოს დასნებოვნების რისკი. უპირველეს ყოვლისა ესენი არიან მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები და ხდება იმ სხვა ჯგუფების გამოყოფაც, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად იყვნენ შემხებლობაში, ესენია მომსახურების სფერო და ა.შ. მსოფლიოს გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უკვე საკმაოდ დაგროვდა გამოცდილება ვინ უფრო ხშირად ხდება ინფექციის მატარებელი და აღმოჩნდა, რომ ბევრი ახალი ჯგუფია, რომელიც არ ითვლებოდა ძალიან მოწყვლად ჯგუფებად, ახლა თანდათანობით ემატება. ეს არის პრევენციული ზომა. საქართველოში ჯერჯერობით არ არის ასე ეს ინფექცია გავრცელებული, მაგრამ, პრევენციული ზომაა და ვფიქრობ, ადეკვატური და სწორი ნაბიჯია. ყველა ის ადამიანი ვინც მომეტებულ კონტაქტშია სხვა ადამიანებთან რა თქმა უნდა რისკ ჯგუფშია, შესაძლოა დასნებოვდეს. მათ შორის, სასულიერო პირები, რომლებიც მრევლთან არიან ახლო კონტაქტში, შესაძლებელია იყვნენ მოწყვლადი ჯგუფები.

რისკ ჯგუფებზე, ვფიქრობ კლინიკური დაკვირვება განხორციელდება, გარდა ამისა, შესაძლებელია სწრაფი ტესტის გამოყენებაც, უფრო ფართოდ, ვიდრე ვთქვათ, დღეს ვიყენებთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ სწრაფი ტესტის საიმედოობის ხარისხი არ არის მაღალი და ყველა საეჭვო შემთხვევაში პისიარ ტესტების გაკეთება მოგვიწევს”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები