გიორგი გახარია: მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი მოქალაქის ჯანმრთელობასა და ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებას შორის

“საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს  ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი  მოქალაქის ჯანმრთელობასა და Covid 19-ის გავრცელების შეჩერებას და, ასევე, ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებასა და სამუშაო ადგილების ამუშავებას შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს ამ მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე დიდი რეპუტაციისა და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე, საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები ეხმარებიან.

„ესენი არიან როგორც საქართველოში დღეს ყველაზე დიდი რეპუტაციისა და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან და ეს გეგმა უკვე არსებობს. ჩვენ ამ გეგმის დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა მარტივია – პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არცერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე ეკონომიკის ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით, პრემიერმა ასე უპასუხა, რომ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ელოდებიან.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მე უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ – ჩვენ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ვგეგმავთ და შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები