ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება. კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 327 ოჯახს საკვებია და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის 100 ლარის ღირებულების ვაუჩერს გადასცემს.
ვაუჩერები რამდენიმე ოჯახს უკვე დაურიგდა.
“მინდა, მადლობა ვუთხრა კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” ხელმძღვანელობას ჩვენი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი ასეთი თანადგომისთვის. ბიზნესსექტორის ჩართულობა მერიისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. ამ რთულ პერიოდში უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ყველა შეჭირვებულ ოჯახს, დღეს მათ ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. უახლოეს დღეებში 600-ზე მეტ ოჯახს მერიაც დაეხმარება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, მერიის სოციალურ პროგრამაში ჩართულ ოჯახებს 100 ლარი ჩაერიცხებათ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე, მიმდინარეობს სურსათის დარიგება, რომლებსაც ბიზნესმენები აწვდიან მერიას გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის. მჯერა, ერთობლივი ძალებით, ჩვენ შევუმსუბუქებთ მოსახლეობას ამ პერიოდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის”, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც 300 000 ლარი ფონდში StopCov გადაირიცხა, ხოლო 200 000 ლარი სავადმყოფოებისა და საკარანტინო ზონების სასმელი წყლით და, ასევე, მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდება.
„ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით განვაგრძობთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარებას და დღეს გვინდა, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს და პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენად თითოეულ ოჯახს 100 ლარის ღირებულების ვაუჩერს გადავცემთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, იმისთვის რომ ასე ოპერატიულად მოგვაწოდეს ინფორმაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების შესახებ და გვეხმარებიან ვაუჩერების ყველა წესის დაცვით დარიგების პროცესში”, – ჰყვება ლევან ბაღდავაძე, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” ვიცეპრეზიდენტი.
ამ დრომდე კომპანიამ უკვე უზრუნველყო სასმელი წყლით საქართველოს მასშტაბით, 10 საავადმყოფო და, ასევე, საკვებით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით პლატფორმა „დავეხმაროთ მოხუცებს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული განვითარების ინიციატივის ბენეფიციარები.