შალვა კერესელიძემ ჯანდაცვის სექტორის რეგიონულ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან ერთად, ჯანდაცვის სექტორის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. მხარის რწმუნებულმა, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული გადამოწმების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა. მონიტორინგის პროცესში შესაბამისად გადამზადებული მედპერსონალი ჩაერთვება.

მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები მაქსიმალურად მობილიზებულია. რეგიონში, დღეის მდგომარეობით, 2 ცხელების ცენტრიც ფუნქციონირებს. სამედიცინო პროცედურები უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით ხორციელდება. მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა.

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენცია ჩვენთვის მთავარი საზრუნავია. ამ მიმართულებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ უწყებას, რომელიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მედიკოსებს თავდაუზოგავი შრომისთვის“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები