“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ, კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს პნევმონია აღენიშნება, თუმცა არცერთს, ჯერჯერობით, მართვითი სუნთქვა არ სჭირდება”
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ორივე პაციენტს პნევმონია აღენიშნება.
“ამ წუთისათვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 60 პაციენტი იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანზე ნეგატიური შედეგი მივიღეთ. ზოგიერთ ჩვენს პაციენტს აქვს მაღალი ცხელება, მაგრამ განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი ამ თვალსაზრისით ვინც შემოდის, არ გვყავს. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ორი მძიმე პაციენტის მკურნალობა გრძელდება.
ასევე, გვყავს კოვიდ დადასტურებული ორი პაციენტი, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. მათაც უტარდებათ მკურნალობა. ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს ჯერჯერობით მართვითი სუნთქვა არ სჭირდება, მხოლოდ ჟანგბადის ინტენსიური მიწოდების ფონზე ინარჩუნებენ სუნთქვის ნორმალურ კომპონენტს. მე როგორც ვიცი, მეორე კოვიდ ინფიცირებული პაციენტი, რომელიც დაახლოებით 2-3 დღის წინ დაგვემატა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება. პირველი, როგორც ვიცით მარნეულიდანაა შემოსული”, – განაცხადა გოფოძემ.