გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილი წლებია, მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა და ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან
“ფონდი „ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია, მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის მიერ Stomcov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს თანხები გამოყენებული იქნება მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ როდესაც COVID-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობისა და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას. ქართუ და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია, მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.