გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის უმთავრესია მოქალაქეების ინტერესები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დასაბრუნებლად საკმაო რესურსი იქნა გამოყოფილი და ათასობით დაბრუნებული ემიგრანტის მდგომარეობა დღეს უკეთესია.

ვოლსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს მადლობა გადაუხადა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს და თითოეულ საელჩოს უნდა ვუთხრათ მადლობა იმისათვის, რომ არა მარტო ამის ორგანიზებას აკეთებენ, არამედ გარკვეულ, ვფიქრობ, მნიშვნელოვან ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ ჯერ კიდევ იქ მყოფი ადამიანები სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იყვნენ. ეს ის საკითხია, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთელი სისტემა ამას ემსახურება ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სტრუქტურებთან შეთანხმებით”. გია ვოლსკის თქმით, დაბრუნების გრაფიკი ისეა აწყობილი, რომ აქ შესაბამისად მოხდეს საკარანტინო რესურსების მობილიზება, -„უნდა ითქვას, რომ ასეთი მობილიზაცია მისაბაძია სხვა ქვეყნებისათვის მაგრამ ჩვენ არავის ვეჯიბრებით ჩვენთვის უმთავრესია მოქალაქეების ინტერესები უპირველეს ყოვლისა. არის მცდელობები, რომ ეს თემა გადააქციონ პოლიტიკური სპეკულირების საგნად, მე ვფიქრობ, რომ ეს წარუმატებელი მცდელობებია, იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ რჩება.

ფრენების გრაფიკი შედგენილია და ამის იქით კიდევ ინტენსიურად, გეგმაზომიერად განხორციელდება რეისები,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის განცხადებით, საქართველოს საელჩოები ადგილზე მაქსიმალურ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს.

“მატერიალურადაც ეხმარებიან და რასაკვირველია ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ადამიანები განთავსებული არიან სასტუმროებში. სულ ახლახან გვქონდა საუბარი პოლონეთში ჩვენს ელჩთან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და პოლონეთის მთავრობასაც მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ სიტუაციის მიუხედავად ჩვენი მოქალაქეებისათვის გამოყო საცხოვრებელი ფართობები რამდენიმე სასტუმროში, თუმცა, ვიმეორებ, საელჩოსათვის საკმაოდ მძიმეა როგორც ორგანიზაციულად ასევე ფინანსურად გაწვდეს არსებულ მოთხოვნებს, მაგრამ ისიც თვალნათელია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად და საკმაოდ მაღალი დონის ორგანიზებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ პროგრესს უჩვენებს და ეს ძალისხმევა არ შეჩერდება,”- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

იმის საპასუხოდ, რომ თითქოს რეისები ჭიანურდება, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მოთხოვნა რასაკვირველია, მეტია ვიდრე მიწოდება.

“მაგრამ მიწოდების ხარისხი არის მაღალი, არის ინტენსიური, და ყველა მოთხოვნა უახლოეს პერიოდში იქნება დაფარული. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ჩამოსულ მოქალაქეს არ დახვდება მობილიზებული საკარანტინო სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით მეტ საფრთხეს შევუქმნით ამ მოქალაქეებს, აქედან გამომდინარე ინტენსივობა არ შეჩერდება, იქნება ძალიან მაღალი და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახსენა საზოგადოებას, შევასრულებთ ისე, როგორც ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გვავალებს,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები