“10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საელჩოებსა და საკონსულოებთან მუდმივად ონლაინრეჟიმში კავშირზე იყვნენ.

„სპეცრეისების მიმართულებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი და დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო მოგვიწია, ძალიან სწრაფ რეჟიმში ჩაგვენაცვლებინა ისინი იმ მოქალაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში. მიუხედავად ამისა, 3 ადგილი მაინც ცარიელი იყო.

მინდა, საზოგადებასა და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იყვნენ მუდმივად ონლაინრეჟიმში კავშირზე საელჩოებსა და საკონსულოებთან.

10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. მგზავრთა რაოდენობის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რადგან ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება. ასევე, პრემიერმინისტრის დავალებით, კიდევ 3 დამატებითი რეისი დაინიშნა, მათ შორის, თელავივიდან, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება, ასევე, რომიდან და ბარსელონადან 24 და 27 აპრილს. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებითი რეისებისა და სპეცრეისების შესახებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები