Georgian Airways-ის სპეცრეისების დროს თვითმფრინავში პატრიარქის ნაჩუქარი ხატი იქნება (ფოტო)
ავიაკომპანია Georgian Airways-ი აცხადებს, რომ უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დანიშნული სპეცრეისების დროს თვითმფრინავში პატრიარქ ილია მეორის ნაჩუქარი ხატი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქში“ კომპანიის გვერდზე გამოქვეყნდა.
„7 აპრილს, ხარება დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დილით 9:00 საათზე სპეცრეისით გაფრინდა თბილისი – ათენი – თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში.
ეს ხატი იქნება ყველა სპეცრეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში. კიდევ ერთხელ, ხარებას გილოცავთ ყველას“, – წერია განცხადებაში.