ლევან რატიანი: მთავარია, რომ ამ ეტაპზე ყველა პაციენტი შედარებით კარგად გვყავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მისივე თქმით, თუ განმეორებითმა PCR კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, კლინიკას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.

“რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობენ – რეანიმაციაში გვყავს ექვსი პაციენტი, აქედან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე, აქედან ორის არის ქალბატონი. ერთი 62 წლის, რომლის ანამნეზი ყველასთვის ცნობილია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან – მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს.

გითხარით, რომ გვყავდა მძიმე პაციენტი 42 წლის, მერვე, მეცხრე დღე ამ დაავადებისთვის წარმოადგენს ყველაზე მძიმე პერიოდს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, შენარჩუნებულია ოქსიგენაციის პარამეტრები, ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, მას არ დასჭირდება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა. კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ჩატარებული კვლევებით მათთან არანაირი პათოლოგია არ ვლინდება. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რაც შეეხება რისკფაქტორებს – ამ ეტაპამდე იცით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არის 60+1 და ამასთანავე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. მართალია ასეთი პაციენტი გვყავს, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მათი ვიტალური პარამეტრები ამ ეტაპამდე ნარჩუნდება.

რაც შეეხება ექიმის მდგომარეობას – მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად გაუმჯობესებულია. ბოლო 16 საათი ცხელება არ ყოფილა, სუნთქვის პარამეტრები არ უარესდება.

ასევე, ორი მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე უარყოფითი დინამიკის გარეშეა, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ.

რაც შეეხება 86 წლის მამაკაცს, რომელიც არის სომატურად დატვირთული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ – ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ორმხრივი მწვავე პნევმონია, საშუალო ხარისხის მძიმე დისტრესი, მაგრამ შემოყვანის შემდეგ, მასთან მდგომარეობა არ გართულებულა.

მთავარია, რომ ამ ეტაპზე ყველა პაციენტი შედარებით კარგად გვყავს.

იცით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიძლება, შეიტანოს ცვლილება და ორჯერადი PCR შეიძლება გახდეს ერთჯერადი. პირველი ჯერი იცით, რომ მივიღეთ უარყოფითი, ლუგარიდან ველოდებით პასუხებს თუ კვლავ მივიღებთ უარყოფით პასუხს, რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები