ლევან დავითაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს შეხვდა და რთულ სიტუაციაში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, მოადგილეებთან – ხატია წილოსანსა და სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვებლერს შეხვდა.
შეხვედრას USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი, მარიკა ოლსონი დისტანციურად დაესწრო.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და USAID-ს ყველასთვის რთულ სიტუაციაში თანადგომისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებული ერთობისა და კონსოლიდაციის დროა.
შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტებზე დაფუძნებული ეფექტიანი ეკონომიკური სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წახალისების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, სასურსათო უსაფრთხოებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.
როგორც პიტერ ვებლერმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეყნის სურსათით მომარაგებისა და მარაგების კონტროლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც ეფექტიანად უმკლავდება. პიტერ ვებლერმა მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.