ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას რამდენიმე დღეში შეძლებს
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შესაბამისი აპარატურით აღჭურვა მიმდინარეობს და კლინიკა რამდენიმე დღეში ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სამედიცინო პერსონალი შესაბამის გადამზადებას გადის, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობისას არის საჭირო.
“ბათუმის ახალი რესპუბლიკურ საავადმყოფო ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა და კლინიკის აღჭურვის პროცესის დაწყებას ადგილზე გაეცნენ. ახალი კლინიკა ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილულ იქნა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად უახლოეს დროში გადაეგზავნება.