ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოს ჩაკეტვას არ გამორიცხავს
ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, შესაძლოა, სამეგრელო ჩაიკეტოს, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს, განმეორებითი კვლევის შედეგად, ახალი კორონავირუსი დაუდგინდება და კონტაქტების მოძიება შეუძლებელი გახდება, მაშინ სამეგრელოს ჩაკეტვა გამორიცხული არ არის.
“ჯერჯერობით, გვყავს 2 ინფიცირებული, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. სამ ადამიანს, რომელსაც კავშირი ჰქონდა გამოვლენილ შემთხვევასთან, არ დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა მათი ანალიზები გაიგზავნება ხელახლა. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე, ამ სამ ადამიანს. ამდენად, რისკი მაღალია და ამიტომაც გადამოწმებას საჭიროებს. ასევე, გამოვლენილია კონტაქტის კონტაქტები, უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23. თუმცა იმ 23 პირს უდგინდება კიდევ ბევრი კონტაქტი, ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება, ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება, მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ცნობისთვის, სამ მამაკაცს, რომელსაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კავშირი, პირველი ანალიზის დროს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.