მამუკა არეშიძე: მთელი ეს ისტორია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თავიდან ეს ყველაფერი ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ მერე მავანს პროცესი ხელიდან გაუსხლტა
“უამრავი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ ჩანს. ჯერჯერობით, ამ პასუხების მოსაძებნად მსოფლიოს არ სცალია. ჯერ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან უწევს ბრძოლა, მაგრამ ამის დროც დადგება და არცთუ დიდი ხნის შემდეგ”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს და საქართველოსა და მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ ვითარებას აფასებს.
მისივე თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ახალ რეალობაში აღმოჩნდება.
“დღეს არაერთი ვერსია ვრცელდება. უკვე ვხედავთ, რომ მსოფლიო ლიდერები, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები საფუძვლიან ეჭვებს გამოთქვამენ. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იყო მოლოდინი, რომ მსოფლიო შექმნიდა ახალ იარაღს, რომელთან ერთადაც კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადავიდოდა. ფაქტობრივად, ასეც მოხდა – ატომური იარაღის შექმნამ არსებითად შეცვლა მსოფლიოში ძალთა განაწილება. სწორედ ამ იარაღმა დააწესა გარკვეული პარიტეტი. მე-20 საუკუნის ბოლოდან უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყნებს, რომელთაც ამ პარიტეტის შეცვლა არ შეეძლოთ, შეიძლებოდა, შეექმნათ განსხვავებული იარაღი, რომელიც არანაკლებ ეფექტიანად იმოქმედებდა, თანაც – ინფრასტრუქტურის მასობრივი განადგურების გარეშე. ასეთი იარაღის შექმნაზე კარგა ხანია, მუშაობენ და ოდესმე მისი გამოყენების დროც დადგება, თუ უკვე არ გვაქვს საქმე ამ იარაღის გამოყენებასთან… არსებობს ვერსია, რომ ვირუსმა ხელოვნურად გაჟონა ლაბორატორიიდან. ეს მხოლოდ ვერსიაა, თუმცა, ალბათ, როდისმე ამ საქმის დაწვრილებით გამოძიებაზეც მიდგება საქმე, აუცილებლად გამოიკვლევენ ამ ვერსიის საფუძველსაც…
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების არეალს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის ეს თემა ნაკლებად აქტუალურია – ვგულისხმობ აფრიკას, წინა აზიას… შევხედოთ ახლო აღმოსავლეთს – აქ გაცილებით რთული ვითარებაა ისრაელში, რომელიც რეგიონში საკვანძო მნიშვნელობის ქვეყანაა, ვიდრე – მის გვედით მდებარე ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, რომელიც სამედიცინო სისტემით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. დღეს ვირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ლათინურ თუ სამხრეთ ამერიკაში ასეთივე მასშტაბსა და დაძაბულობას ვერ ვხედავთ. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს.
მთელი ეს ისტორია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თავიდან ეს ყველაფერი ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ მერე მავანს პროცესი ხელიდან გაუსხლტა. უამრავი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ ჩანს. ჯერჯერობით, ამ პასუხების მოსაძებნად მსოფლიოს არ სცალია, ჯერ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან უწევს ბრძოლა, მაგრამ ამის დროც დადგება და არცთუ დიდი ხნის შემდეგ. ეს შეკითხვები ახლაც ისმის ძალიან მაღალ დონეზე – გაეროს, ევროკავშირისა და სხვა გავლენიანი პლატფორმებიდან. აშკარაა, მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდებით სრულიად ახალ რეალობაში, სხვანაირ მსოფლიოში, სადაც შეიცვლება არა მხოლოდ სამედიცინო და ეკონომიკური მიდგომები, არამედ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი და, რაც მთავარია, ადამიანის ცნობიერება. ბევრ სახელმწიფოს – განსაკუთრებით ევროპაში – მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა; ამის გაკეთება მოუწევთ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებებსაც. ისმის კითხვა: რატომ ვერ უმკლავდებიან ძლიერი ქვეყნების სამედიცინო სისტემები ამ გამოწვევას? უპირველესად იმიტომ, რომ იმდენი ხანია, მსოფლიოში ამგვარი გამოწვევა არ ყოფილა, რომ აღარც ექიმია საკმარისი და არც – მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
საბჭოთა კავშირის დროს კარგა ხნის განმავლობაში რეგიონების მიხედვით არსებობდა შავი ჭირის სადგურები და მუდმივად მიმდინარეობდა ეპიდვითარების აღწერა. საქართველოში იყო უდიდესი სპეციალისტი, თამაზ კერესელიძე, რომელმაც ეპიდემიოლოგიის უძლიერესი სკოლა შექმნა. ეს სამი ადამიანი, დღეს გმირებად რომ იქცნენ, სწორედ მისი სკოლის გამოზრდილია. ამ სკოლისა და ლუგარის ლაბორატორიის არსებობამ, ამასთანავე, კრიზისის მართვის სწორმა სისტემამ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა, შექმნა დღევანდელი ვითარება. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანური დანაკარგით გავივლით ამ რთულ პერიოდს. ჯერჯერობით სახელმწიფოდ, რომელმაც პანდემიით ისარგებლა ჩანს ჩინეთი, რომელმაც, როგორც თვითონ ამტკიცებენ, კორონავირუსთან გამკლავება შეძლო და ამავდროულად, ეკონომიკურად დიდი დივიდენდი მოიპოვა – პრაქტიკულად, ყველა იმ უცხოური კომპანიის აქციები, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ჩინეთში დარჩა, კაპიკებად ჩაიგდეს ხელში. ამით ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკას. დარტყმა ყველამ მიიღო, ვინც დღეს მსოფლიო პოლიტიკას ქმნის: აშშ-მა, რუსეთმა და ევროკავშირმა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სარგებელი კი ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთმა ნახა… სანქციები არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც, ალბათ, აუცილებლად დაუწესებენ ჩინეთს, თუნდაც მხოლოდ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო, თუკი ეს დადასტურდა, მაგრამ ამის გარდა, არსებობს მორალური გადაწყვეტილებებიც. ვფიქრობ, უახლოესი წლების განმავლობაში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობისგან ქვეყნები მაქსიმალურად შეიკავებენ თავს. მგონია, რომ ჩინეთის დღევანდელი ეფემერული სარგებელი უახლოეს მომავალში აღარ იმუშავებს. იქნება სანქციებიც და მორალური პასუხისმგებლობაც ჩინეთს დაეკისრება…
დღეს ჩვენი საზოგადოების პოზიტიური ფსიქოლოგიური განწყობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ერთია ის, რომ საზოგადოებამ ხელისუფლების ძლიერი ხელი იგრძნო და მოარული აზრი, რომ ეს იყო უნიათო ხელისუფლება, გაცამტვერდა; ბევრი უკვე იმასაც ამბობს, ამდენი თუ შეგეძლოთ, აქამდე სად იყავითო… მეორე ფაქტორია ის, რომ საზოგადოებას აქვს კონკრეტული ორიენტირი – 21 აპრილი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, ამ ვითარებას 21 აპრილამდე გავუძლებთო… მესამე ფაქტორია ხელისუფლების დაპირებები, რაც საზოგადოებას იმედს უჩენს. ეს სამი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს დრო და საშუალება, გათვალოს და ისე გადადგას შემდგომი ნაბიჯები. ჯერ არ ვიცით, შედეგიანი იქნება თუ არა მთავრობის პროგრამა, რომელიც გახარიამ წარმოადგინა, მაგრამ ადამიანებს, ვისაც შიმშილის ეშინია, იმედს უსახავს. ხელისუფლებამ ეს ვითარება უნდა გამოიყენოს, ხოლო 21 აპრილის შემდეგ მისი ნაბიჯები უნდა იყოს სწორედ ამ კეთილგანწყობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული. ეს ეკონომიკური პროექტი უნდა ამუშავდეს და მას უნდა დაემატოს სხვა კომპონენტებიც. ხალხმა უბედურების პირისპირ თავი მარტოდ არ უნდა იგრძნოს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებაში სოლიდარობისა და თანადგომის უამრავი მაგალითი გაჩნდა”, – განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტმა ინტერვიუში კრიზისის დროს ქართული ოპოზიციის ქმედებებიც შეაფასა.
“ოპოზიცია ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. ერთი სული აქვთ, ხელისუფლება გააკრიტიკონ; მერე ხვდებიან, რომ ეს კრიტიკა არ არის რელევანტური და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს და ვარდებიან მეორე უკიდურესობაში – ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობენ. მოჰყავთ ლევან გაჩეჩილაძის მაგალითი, რომელმაც 2008 წლის ომის დროს თქვა, ოპოზიცია მორატორიუმს აცხადებს და ხელისუფლებას ყველაფერში ეხმარებაო, მაგრამ ეს რომ თქვა, მერე აღარ მოუბეზრებიათ ვინმესთვის რჩევებით თავი არც მას და არც სხვა ოპოზიციონერებს. უცებ ყველა “ნაციონალი” ეპიდემიოლოგად რომ იქცა და ექიმებს ჭკუას ასწავლიან… მესმის სწრაფი ტესტების მნიშვნელობა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩავცვივდეთ, როგორშიც ჯერ იტალიისა და შემდეგ ჰოლანდიის ხელისუფლებები აღმოჩნდნენ, როდესაც იჩქარეს და მიიღეს აბსოლუტურად უხარისხო პროდუქცია ჩინეთიდან. მოკლედ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ დახმარება უნდოდათ, გადაერიცხათ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა იმ სახელმწიფო დაფინანსებიდან, რომელსაც იღებენ. ახლა, როცა მათ ამისკენ ხალხი სოციალური ქსელით მოუწოდებს, ალბათ, აღარ გადარიცხავენ და ამას მათთვის პოლიტიკური ეფექტიც არ მოჰყვება”, – განაცხადა არეშიძემ.