“ფოქს ნიუსი”: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთ ქვეყანაში კი, გარდაცვალების ოფიციალური შემთხვევები არ არის და ეს ქვეყანა საქართველოა
მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა – ასე წარადგენს ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი” ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.
მასალა სათაურით – „საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რატომ არ ჰყავს ქვეყანას კორონავირუსით გარდაცვლილები” დღეს გამოქვეყნდა.
როგორც გიორგი გახარია ტელეკომპანიასთან აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებში მოგზაურობის იანვარშივე აკრძალვა გადამწყვეტი იყო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ნელი ტემპისთვის.
„ჩვენ ძლიერ, გადამწყვეტ ქმედებებს მივმართეთ ადრევე, ყოყმანის გარეშე. ყველა ჩამომსვლელის არა მხოლოდ თერმოსკრინინგი დავიწყეთ, არამედ 28 იანვრიდან ავკრძალეთ ფრენა ყველა ქვეყანასთან, როგორც კი ისინი გლობალური ეპიდემიის ცხელ წერტილებად იქცნენ, რასაც მოჰყვა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სრული აკრძალვა. ასევე, გადავდგით ადრეული ნაბიჯები სკოლების მარტის შუა რიცხვებში დაკეტვით და საზოგადოებრივი შეკრებების შეზღუდვით”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი გახარია ინტერვიუში საქართველოში გატარებულ პრვენციულ ღონისძიებებზე საუბრობს.
„ჩვენ შემაშფოთებელი ნიშნები ადრევე შევნიშნეთ და მოქმედება დავიწყეთ. ჩვენი პირველი ოფიციალური რეაგირება მოხდა 22 იანვარს, როდესაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს უხანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. მაშინ, ვუთხარით ქართველებს, რომ არსებობდა მცირე, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ ვირუსს საქართველომდე მოეღწია. რამდენიმე დღეში, როგორც ყველამ იცის, ვითარება უხანში კიდევ უფრო გართულდა და 26 იანვრიდან ჩვენ ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება დავიწყეთ”, – აღნიშნავს გიორგი გახარია.
როგორც ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, მართალია, კორონავირუსის საკითხი, როგორც ჩანს, კონტროლის ქვეშ არის, თუმცა საფრთხე დასრულებისგან ჯერ შორს არის.
„ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ – გავრცელება შეჩერდა, თუმცა ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელების მრუდე გაგვესწორებინა. გვჯერა, რომ სიტუაცია სტაბილურდება. თუმცა, არ შეგვიძლია, ზედმეტი რეაგირება მოვახდინოთ ან გაუფრთხილებლად ვიმოქმედოთ. გავაგრძელებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის „გავხსნათ ხელახლა” საქართველო”, – აცხადებს პრემიერი.
როგორ „ფოქს ნიუსი” აღნიშნავს, სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად, დიდი დარტყმა მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც მზარდი თავისუფალი ბაზარი და დიდწილად ეყრდნობა კულტივაციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასევე მანგანეზის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას.
„კოვიდ-19 დიდ კვალს დატოვებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესზე და ჩვენს სოციალურ ქცევებზე. უდავოა, ამას უკიდურესად ნეგატიური ეფექტი ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე – ბირჟების რეაგირება ამის ნათელი დასტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მიღებულს ზომებს ეკონომიკური გავლენა აქვთ. როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, ჩვენ დავაწესეთ სოციალური დისტანცირება და მთელ ქვეყანაში არასასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესი დავხურეთ”, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.
როგორც „ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს ასობით მილიონ დოლარს ბიზნესის დასახმარებლად, გადასახადების გადავადებასა და სხვა შეღავათებს. ტელეკომპანია ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველო მიიჩნევა ჰაბად აღმოსავლეთ ევროპასა და დასვლეთ აზიას შორის.
„საქართველოსთვის საკვანძო იყო ადრეული, გადამწყვეტი ქმედებები და მკაფიო, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ქვეყნის დახურვა მარტივი არ ყოფილა, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკასთან შედარებით. ჩვენ მივიღეთ აგრესიული გადაწყვეტილება, დაგვეხურა მსხვილი საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეკრებები. ასევე დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში და დავაწესეთ თვითიზოლაცია. ათასობით ჩვენი მოქალაქე საკარანტინო სივრცით უზრუნველვყავით და სრულად ავკრძალეთ გადაადგილება ღამით”, – აღნიშნავს გახარია.
საქართველოს პრემიერის განმარტებით, მართალია, პირველი პრევენციული ზომები იანვარში ამოქმედდა, თუმცა საზღვრები დაუყოვნებლივ სრულად არ ჩაკეტილა. მისი თქმით, მიდგომა ეტაპობრივი იყო, რასაც შედეგად, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.