“რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც შეიძლება, რისკის მატარებლად ჩაითვალოს”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა, მათ კონტაქტების შესწავლა დაიწყეს. ტაბაღუას განმარტებით, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების როგორც მოძიება, ასევე იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და დადგინდება, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ ინფიცირებულებს კონტაქტი.
„როდესაც ვირუსი დედას დაუდასტურდა, შვილის მიმართ დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე და დღეს გვაქვს 50 ისეთი კონტაქტი, რომელიც შეიძლება, რისკის მატარებლად ჩაითვალოს. თუმცა, შიდა სივრცეში, როდესაც ახლო კონტაქტების იდენტიფიცირება მოხდა, დაახლოებით, 20 ადამიანია. როგორც ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენელი გვიწევს რეკომენდაციას, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და გვეცოდინება, ჯამურად, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი“, – აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.