ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს
2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა, საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
“მინისტერიალის ფარგლებში, COVID-19-ის გავრცელებისა და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა:
საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;
საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.
ხსენებული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის 27 მარტის სატელეფონო საუბრისას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმებული საკითხების იმპლემენტაციის მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სა და, ზოგადად, მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს. დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებსა და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.