ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მხარდამჭერმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, მთავრობის მიერ ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე, თელავში ოთხ შემსვლელ გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა, რაც თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგსა და სკრინინგს ახორციელებენ.
“თითოეულ გამშვებ პუნქტზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი. ადგილზე სამედიცინო სამხედრო პერსონალი მოქალაქეების პირველად თერმოსკრინინგს ატარებს. ასევე, მიმდინარეობს ავტომანქანებში მოქალაქეების რაოდენობისა და მათი განლაგების განსაზღვრა”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თერთმეტ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.