სტოლტენბერგმა ისაუბრა, თუ როგორ ახერხებს ალიანსი პანდემიის ფონზე რუსეთის ქმედებებზე რეაგირებას
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ნატო სამხედრო ოპერაციების გამართვის შესაძლებლობას ინარჩუნებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ალიანსის საზღვრებთან სამხედრო აქტივობებს ახორციელებს.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ონლაინპრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“ვხედავთ ნატო-ს საზღვრებთან მნიშვნელოვან სამხედრო აქტივობას, რომელიც რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქებში ახალი სამხედრო სწავლებების სახით ტარდება. ვხედავდით ჩრდილოეთ ზღვაში რუსეთის განსაკუთრებულ აქტივობას”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, პანდემიის ფონზე ზოგიერთი სამხედრო სწავლების გამართვა დაკორექტირდა, ზოგიერთი გაუქმდა, თუმცა ეს ალიანსის ოპერაციულ მზადყოფნას არ აზიანებს.
“ნატო ჩვენი საჰაერო სივრცის პატრულირებას გააგრძელებს. ხმელეთზეც უნდა ვიყოთ, მაგრამ, ასევე, ჰაერსა და ზღვაზე. ჩვენი მუდმივი საზღვაო ძალები პატრულირებას განაგრძობენ”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.