ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მოწყობას, ორგანიზებასა და ოპერირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს.
ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა” და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” გადანაწილდნენ, სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი „რაკია ჯორჯიას” სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის,” ხოლო ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო „მოქსი თბილისის” საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობას უხდის.
„31 მარტს, ღამით საქართველოში ჩამოფრინდა ამსტერდამი-თბილისის გეგმური რეისი და საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. თითოეული მათგანი ახლადმოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადავიყვანეთ, სადაც 14 დღეს მოუწევთ გატარება. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იმ სასტუმროების მფლობელებსა და მმართველებს, რომლებმაც სასტუმროები საკარანტინო ზონებისთვის უსასყიდლოდ დაგვითმეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საკარანტინო სივრცეების მოძიებასა და შემდეგომ მართვას, ამ ეტაპზე, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ”, -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი.
საკარანტინო ზონებში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდური სამედიცინო ინვენტარითა და ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.
ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.