დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ ფოთში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო
თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც, ასევე, გაშლილია საველე კარვები. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება.
“სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკის საშუალებით კი სამხედროები სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების მანქანაც”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შვიდ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.