ლევან გოფოძე: სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული
“ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ანუ, იმ პაციენტებთან, რომელიც შესაძლოა, საეჭვო არიან კორონავირუსზე, ექიმები სრული ეკიპირებით შედიან”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დასნებოვნების ყველაზე დიდი რისკი მაშინ არის, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ საქმიანობა.
„ჩვენ და ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით ვსარგებლობთ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ანუ, იმ პაციენტებთან, რომელიც შესაძლოა, საეჭვო არიან კორონავირუსზე, ასევე სხვა, ექიმებიც სრული ეკიპირებით შედიან – არა მარტო ექიმები, არამედ სანიტრები და მედდები. ამას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ და ვცდილობთ, რომ არცერთი უმნიშვნელო დარღვევაც კი არ გამოგვრჩეს, რათა რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი. დამერწმუნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეული და ლამის ასეული ექიმია დაავადებული. ამიტომ, ამას ძალიან მკაცრად ვიცავთ. ჯერჯერობით, მთლიანად ვართ აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რაც ამ წესის დასაცავად გვჭირდება და ვფიქრობთ, რომ ასე გავაგრძელებთ. თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ დასნებოვნების ყველაზე დიდი რისკი მაშინ არის, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ საქმიანობა. ამიტომაც ჩვენი ექიმები იმ ზონაში, სადაც შეიძლება, პაციენტი მოხვდეს, სრულად აღჭურვილები დადიან, რათა ექსტრემალური სიტუაციისთვისაც მზად ვიყოთ.
ძალიან ბევრი ადამიანი, ექიმი მოგვამართავს – გვეუბნებიან, მოვალთ, ვიმუშავებთ, დაგვავალეთ საკარანტინო ზონებში მუშაობაო. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომ ჩვენ გარშემო ამდენი ერთგული ადამიანი აღმოჩნდა. მთელი სამედიცინო საზოგადოება ფეხზე დგას იმისთვის, რომ ჩვენზე ამ ინფექციის გავლენა მაქსიმალურად შეამციროს“, – განაცხადა გოფოძემ.