20 მილიონი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად – ევროკავშირი საქართველოს დახმარებას უზრდის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს. გარდა ამისა, მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად და არაერთ რეგიონულ ფონდზე წვდომის უზრუნველყოფა.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, ეს არის ნაწილი აღმოსავლეთ პარტნირობისთვის გამიზნული დახმარების დიდი პაკეტისა, რომელიც მოიცავს 140 მლნ ევროს ოდენობის ახალ დახმარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 700 მლნ-მდე ევროს დახმარების გადამისამართებას.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, დახმარების პაკეტი მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემების გადაუდებელ საჭიროებებზე, ასევე – საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და მცირე და საშუალო საწარმოების უფრო გრძელვადიან საჭიროებებზე.

“მოხარული ვარ, გამოვაცხადო ევროკავშირის სპეციალური სოლიდარობის პაკეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კორონავირუსის გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში დაეხმარება. დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ღირებულების რეგიონალურ საგანგებო სამედიცინო აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები; ევროკავშირი საქართველოს ექსპერტული ცოდნითაც დაეხმარება. ასევე, მივმართავთ თანხებს იმისთვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაუცველ ჯგუფებს კრიზისის დასაძლევად დამატებითი გზების მონახვაში დაეხმარონ. მომდევნო თვეებში, ევროკავშირი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის მობილიზებას მოახდენს, რათა დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს კრიზისის შემდეგ მათი კომპანიების სტიმულირებისა და აღდგენის მიზნით გრანტებზე და კრედიტებზე ლარში წვდომა გაუმარტივოს. გარდა ამისა, უახლოეს თვეებში საქართველოში ვგეგმავთ 20 მილიონი ევროს მოცულობის დამატებითი ადგილობრივი მიზნობრივი საგრანტო პროგრამის დაწყებას. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ ზომების საშუალებით ხელშესახებ წვლილს შევიტანთ იმ მიმდინარე თავდაუზოგავ შრომაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ეწევა“, – აცხადებს ჰარცელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური დარტყმის შერბილებას.

“საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის საშუალებით: ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს ევროპის კოორდინირებული რეაგირება ეკონომიკის რეალური სექტორისთვის: მინიმუმ 70 მილიონი ევრო გრანტების სახით, რომ ქართულ ბიზნესს და თვითდასაქმებულებს გაუადვილდეს ადგილობრივი ვალუტის საკრედიტო ხაზებსა და გრანტებზე წვდომა, კრიზისის შემდეგ თავიანთი ბიზნესის სტიმულირებისა და აღდგენის ხელშესაწყობად. თანხების მოწოდება მოხდება ფინანსური პარტნიორების მეშვეობით, და ეს ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის განმავლობაში; 20 მილიონამდე ევრო მიზნობრივი საგრანტო დაფინანსება, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ბიზნესის, ფერმერებისა და კერძო პირების დასახმარებლად, იმისთვის რომ მათ შეიძინონ უნარები და განავითარონ ბიზნესები ან კრიზისიდან გამოვიდნენ. პროგრამა 2020 წელს დაიწყება. მიკრო დონეზე, ევროკავშირის პროექტები ამჟამად იურიდიულ კონსულტაციას აწარმოებენ მცირე ბიზნესებისთვის, რომელიც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად. იგეგმება საქართველოსთვის მაკროფინანსურ დახმარებაც.

ევროკომისია მზად არის საქართველოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მეშვეობითაც დაეხმაროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების და კარგი პრაქტიკის მაგალითების გამოყენების საშუალებით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის სქემებისა და ჯანმრთელობის სისტემების შესაფასებლად“,- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები