თეა წულუკიანი: დღეიდან ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა, ასევე, დაიხურება საჯარო რეესტრებისა და იუსტიციის სახლების ფრონტოფისები​

“დღეიდან საქართველოში ყველა სანოტარო ბიურო დაიხურა, იუსტიციის სახლებისა და საჯარო რეესტრის ფრონტოფისებიც დაიკეტება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოქვეყნდება ის ლოკაციები, სადაც სანოტარო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება.

„მე, როგორც უწყების ხელმძღვანელს, გამიჩნდა გრძნობა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს გაუჭირდა, ფეხი აეწყო საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველოში იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიკეტა. დღეიდან დაიკეტება ყველა ფრონტოფისი რეესტრებისა და იუსტიციის სახლებისა, მაგრამ სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სანოტარო მომსახურების ჩვენ დაგვჭირდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე, რომ შევძლოთ, გამოვაქვეყნოთ ის პირობები, რომლებშიც რეესტრები გააგრძელებენ, შეძლებისდაგვარად, მუშაობას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება ყველაფრის მიუხედავად შეძლოთ. გამოქვეყნდება ის ლოკაციებიც, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება სია იმ ფილიალებისა ჩვენი ფრონტოფისების, რომელიც ასევე იქნება შეზღუდული, მაგრამ გახსნილი იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, არ გაჩერდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები