ტექნიკური უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებს დღეიდან ონლაინლექციებს სთავაზობს
დღეიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებს ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე ახალ კომპონენტს – ონლაინსალექციო ჩართვებს სთავაზობს.
როგორც „კვირას“ ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ონლაინლექციები ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე – elearning.gtu.ge-ზე ჩაუტარდებათ.
მათივე ინფორმაციით, ონლაინლექციები BBB და Zoom პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება. თითოეულ ონლაინსალექციო სესიაზე მონაწილეობა, ანუ ერთდროულად ჩართვა 100-მდე სტუდენტს შეუძლია, ხოლო ერთდროულად შესაძლებელია 50-მდე პარალელური ონლაინსესიის წარმართვა ასეთივე დასწრებით.
გარდა ამისა, ელექტრონულ პლატფორმაზე კვლავაც აიტვირთება სწავლების სამივე საფეხურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსები და დავალებები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდსა – www.gtu.ge და “ფეისბუქისგვერდზე” სტუდენტებისთვის განთავსებულია გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღებაა შესაძლებელი. ვიდეოინსტრუქციები, ასევე, ატვირთულია ელექტრონული სწავლებისა და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმებზე.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა. მოქმედებს საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა – elearning.gtu.ge საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები შეფერხების გარეშე გადიან. ამჟამად, პლატფორმაზე რეგისტრაცია სტუდენტთა 80%-ზე მეტმა გაიარა.
საქართველოს მთავრობის 23 მარტის #181-ე დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი, ნაცვლად 1-ელი აპრილისა, 21 აპრილამდე გადაიდო.