საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: კერძო პირების მიერ გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზება რისკისშემცველია

“კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკებისშემცველი და შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაცია. საქართველოს მისიები საზღვარგარეთ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ოპერატიულ რეჟიმში უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ.

“ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ.

მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე –  სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ოპერატიულად დაეხმარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები