ნათია თურნავა: მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტინო სივრცეებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა იმ ბრენდული სასტუმროების მეპატრონეების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც საკუთარი სასტუმრო, ინფრასტრუქტურა საკარანტინო სივრცის მოსაწყობად სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.
ნათია თურნავას თქმით, დღეს, როდესაც საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, კორონავირუსის სახით უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, ერთიანობა, თანადგომა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ბრენდული სასტუმროებიც ჩაერთნენ და სახელმწიფოს უპრეცედენტო თანადგომა გამოუცხადეს – სასტუმროების „შერატონ გრანდ თბილისის“, „მოქსის“, „იბისის“ და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ მფლობელებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეების მოწყობის მიზნით. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო მათ და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ამ მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რაც კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმსა და საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო სივრცეში განთავსებასაც გულისხმობს.
„ამ მიზნით, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვახორციელებთ საკარანტინო სივრცეების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით მდებარე სასტუმროებში. დღეისთვის კარანტინის რეჟიმში 64 სასტუმროში 4 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე საკარანტინო სივრცეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ასეთ ვითარებაში სასტუმროების თანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ, გავუმკლავდეთ შექმნილ რთულ ვითარებასა და გამოწვევას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.