ტურიზმის ადმინისტაციის მიერ მოწყობულ საკარანტინო ზონებში ათენი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში ათენი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „ეგეოსის ავიახაზების“ საჰაერო ხომალდით ათენი საქართველოს 121-მა მოქალაქემ დატოვა, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ასეთი რეისი – ათენი-თბილისი-ათენი 24 მარტს განხორციელდა. რეისის მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ.
„ეგეოსის ავიახაზების“ საჰაერო ხომალდით ათენი საქართველოს 121-მა მოქალაქემ დატოვა, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. თანამოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეებისთვის სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში უზრუნველყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი კარანტინში მყოფ პირთა მაქსიმალური კომფორტისთვის. მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდური სამედიცინო ინვენტარით, იმყოფებიან ექიმები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 31 მარტს – თბილისი – ამსტერდამი – თბილისი, 3 აპრილს – თბილისი – ათენი – თბილისი, 10 აპრილს – თბილისი – ლარნაკა – თბილისის რეისებია ჩანიშნული.
ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 59 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 4154 ადამიანია განთავსებული.