დავით ჩიხელიძე: ფაქტია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, საკუთარი ბელადის დავალებით, კანონი დაარღვიეს
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის გეგმაზომიერმა, დროულმა და ეფექტურმა ნაბიჯებმა ოპოზიცია „ნოკდაუნში” ჩააგდო, რასაც მათი გონებრივი შესაძლებლობების არარსებობა დაემატა, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი”, – ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მიერ სანიტარული ნივთების დარიგებას ხალხის მასობრივად შეკრება მოჰყვა.
ჩიხელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ზუგდიდში სანიტარული ნივთები უსაფრთხოების წესების დარღვევით დაარიგეს.
„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები უსაფრთხოების წესების დარღვევით დაარიგეს. მთელი მსოფლიო საკუთარ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, სახელმწიფოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ასეთ დროს ყოველ ქმედებასა და თავყრილობას საკუთარი წესები აქვს, დაუშვებელია ათზე მეტი ადამიანის შეკრება, ასევე, დისტანცია უნდა იყოს 1,5 მეტრი და ა.შ. ამ დროს კი ოპოზიცია, ვიწროპარტიული ინტერესების გამო, ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. „ნაციონალურ მოძრაობას” იმდენად აქვს გამჯდარი ბოროტება, რომ მათ მიერ განხრციელებული, ერთი შეხედვით, ჰუმანური ჟესტიც კი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია”, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მიზანი არა ადამიანების დახმარება, არამედ საკუთარი პარტიის პიარი იყო.
„მათი მიზანი იყო პიარი და არა ადამიანების დახმარება, რადგან თუ მართლა საკუთარ მოსახლეობაზე ფიქრობდნენ, შეეძლოთ დაკავშირებოდნენ შესაბამის უწყებებს და სახელწიფოსთან კოორდინაციით მოეხდინათ პირბადეების დარიგება, ან საკუთარი მოხალისეების დახმარებით სახლებში დაერიგებინათ. ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, საკუთარი ბელადის დავალებით მოახდინეს კანონის დარღვევა. მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ორგანიზატორების იდენტიფიცირება და კანონის შესაბამისად დასჯა! მოვუწოდებ ოპოზიციას, იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად და არა მერკანტილურად”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.