ქუთაისში 600-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტი გადაეცემა 

ქუთაისში რეგისტრირებულ 600-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახში, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან სასურსათო ამანათები დარიგდება.

ქუთაისის მერია პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, აგრძელებს სხვადასხვა სახის სოციალურ ღონისძიებებს.
ქუთაისის სპორტის სასახლეში, კერძო სექტორის მიერ, შეგროვდა პირველადი მოხმარების სურსათ-სანოვაგე, რომელიც დაფასოებული იქნა მერიის მოხალისეთა გუნდის წევრების მიერ და ყოველდღიურად რიგდება მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში.

ამჯერად ამანათები გამზადდა მრავალშვილიანი დედებისთვის. ამანათების გამზადების პროცესსა და დარიგებაში უშუალოდ მონაწილეობენ ქუთაისის მერი, მერის მოადგილეები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს წევრები.

“ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ის კატეგორია, რომელიც ამ მძიმე პერიოდში ხელისუფლების დახმარებას საჭიროებს. დღეს, სასურსათო ამანათებს დავურიგებთ მრავალშვილიან ოჯახებს. მადლობა მინდა ვუთხრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც მოგვცეს ამ მრავალფეროვანი ნობათის მოსახლეობისთვის დარიგების საშუალება”, – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

კერძო სექტორის მიერ შეგროვებული სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა დედებს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები