კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან იუსტიციის სახლის კიდევ 3 ფილიალსა და 3 საზოგადოებრივ ცენტრში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა
იუსტიციის სახლის ლაგოდეხის, მესტიის, თიანეთის ფილიალები დღეიდან სამუშაო პროცესს დროებით აჩერებს. ასევე, დროებით არ იმუშავებს თეთრიწყაროს, მანგლისის, კოდას საზოგადოებრივი ცენტრებიც. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული.
“იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე – თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად, სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, აღნიშნულ ფილიალებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
იმავე მიზეზით გუშინ გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმისა და რუსთავის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა. ასევე, დროებით არ იმუშავებს რამდენიმე საზოგადოებრივი ცენტრიც. რაც შეეხება გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს – მან მუშობა მიმდინარე წლის 16 მარტიდან შეწყვიტა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 23 მარტს გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, იუსტიციის სახლის მარნეულისა და ბოლნისის ფილიალებმა, ასევე, ამავე მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა საზოგადოებრივმა ცენტრმა სამუშაო პროცესი შეწყვიტა.
იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, განუხრელად დაიცვან თვითიზოლაციის წესები და ამ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.
გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან, იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება სამართალდამრღვევთა მიმართ”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.