გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია,საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა-2019 წელს დუშეთში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა
2019 წელს , ქალაქ დუშეთში და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანმანათლებლო, სამედიცინო, ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და პროექტი განხორციელდა.
მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ 66 ოჯახს, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, თანამედროვე მზის პანელები გადაეცათ. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1 043 900 ლარი შეადგინა.
გრძელდება მთის ინტერნეტიზაცია. პროექტის ფარგლებში ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება. ჯამში, მიღებული სიკეთით 76 სოფელი, 496 ოჯახი და 1291 მუდმივი მცხოვრები ისარგებლებს.
2019 წელს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დახმარებით დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები შემდეგ სოფლებში: მჭადიჯვარი, სონდა, მენესო, ლაზვიაანთკარი, ბაგა, საშაბურო, ნაგლიაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ბუჩაანთკარი, მუგუდა, ხამუშა. სამუშაოები გრძელდება სოფელ მლაშესა და საკრამულში. 2020 წელს დაგეგმილია სოფელ ცივწყაროს, დოლასქედის და ვაშლობის გაზიფიცირება.
საქართველოში რიგით 70-ე საზოგადოებრივი ცენტრი დუშეთში გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დუშეთისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200-მდე სოფლის მცხოვრებლებს მოემსახურება. მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღებას და 24-საათიანი უფასო, უკაბელო ინტერნეტით სარგებლობას. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ციფრული და ბეჭდური ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად, ქალაქ დუშეთში ქორწინების სახლიც გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ დუშთის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე, ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით მოეწყო საზოგადოებრივი ცენტრის ეზო.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლების – საკრამულისა და ჩანადირთკარის დამაკავშირებელ 3.5 კმ-იან გზას ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო დაბა ჟინვალში მოასფალტდა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, რომელთა რეაბილიტაციაც 2020 წელსაც გაგრძელდება.
ქალაქ დუშეთში აშენდა კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი 15 მ სიგრძის და 9.2 მ სიგანის ახალი ხიდი. ხიდზე მოეწყო ტროტუარები, მანქანის სავალი ნაწილი, ხიდის შესასვლელთან – მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლები და დამცავი გაბიონები, ხოლო ხევის კალაპოტში – რკინაბეტონის ფილები და წყალმომცილებელი დამბები. შპს “ზიმო“-ს მიერ შესრულებული პროექტის ღირებულება 472 515 ლარს შეადგენს.
სხვა განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.