გია ვოლსკი: შემოტანილი ტესტი იქნება ხარისხიანი და პროფესიონალურად გამოყენებული
“ტესტი არ არის პანაცეა, ტესტი იქნება შემოტანილი, იქნება ხარისხიანი და პროფესიონალურად გამოყენებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო რესურსები გამართულად, სრული ძალით და ეფექტურად რომ მუშაობს, ამას მსოფლიო აღიარებს.
„რაც შეეხება ტესტების ჩამოტანას – თუ ვინმეს კომერციული ინტერესი აქვს, პირდაპირ გვითხრან და დაასაბუთონ. მსოფლიო დონის ექსპერტები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა, რომელიც ისე მოიქცევა, რომ საქართველოში შესაძლებლობა იქნება ხარისხიანი ტესტების ჩატარების. ტესტი არ არის პანაცეა, ტესტი იქნება შემოტანილი, იქნება ხარისხიანი და პროფესიონალურად გამოყენებული. რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებასა და აგიტაციას, ხვალ, ნებისმიერმა ადამიანმა წესები რომ დაარღვიოს, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, თითოეულ მოქალაქეს კუდში გაჰყვეს და მისი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი შეამოწმოს. აზერბაიჯანელი იქნება, ქართველი, სომეხი თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი მოქალაქე, პასუხისმგებლობა ერთნაირად არის განსაზღვრული. კონკრეტულმა ადამიანმა რთული სიტუაცია შექმნა. თბილისშიც ბევრ ხალხს ვხედავ, ვისაც ჰგონია, რომ არაფერი დაემართება და თუ ცოტა სიცხე აქვს, ან ურთიერთობებში იმაზე შორს წავიდა, ვიდრე რეკომენდებულია, მიიჩნევს რომ ამით არაფერი დაშავდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.