გია ვოლსკი: სრული მობილიზებაა, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ნაკლები სპეკულაცია მოგვითხოვია ოპონენტებისგან

“ის, რომ ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება და ამით ოპოზიცია რაღაცას მოიგებს, ეს არის მავნებლური განცხადება და ამას უკვე აღარც მალავენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ასევე, მან აღნიშნა, რომ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სრული მობილიზაციაა საჭირო და სპეკულაციების დრო არაა.

„თითქოს, ერთი პერიოდი ურთიერთობა აეწყო, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ვითარება რაც უფრო დამძიმდება, ან ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება, ღიად აცხადებენ, რომ ეს მათთვის ხელსაყრელია. ის, რომ ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება და ამით ოპოზიცია რაღაცას მოიგებს,  არის მავნებლური განცხადება და ამას უკვე აღარც მალავენ. ამბობენ, რომ თითქოს, მოქალაქეებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ვინც საზღვარგარეთ არიან და თითქოს, მათი წამოყვანა მეორეხარისხოვანია. ეს ასე არ არის. ეს განცხადებები მიმართულია იქითკენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება“, – აღნიშნავს გია ვოლსკი.

ამასთან, გია ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ვერანაირ შანსს ვერ ხედავს, ხელისუფლებამ საბაბი გამოიყენოს და არჩევნების გადადება შეძლოს.

„რასაკვირველია, არჩევნები ჩატარდება, მაგრამ საუბარია შემდეგზე, თუ ისე მოხდა, რომ ვითარება დამძიმდა და არჩევნები იქნება ჩვენს ხარჯზე, მთავრობის თავდადებული მუშაობის ხარჯზე, არ შეიძლება, ეს მთავრობამ მიიწეროს. ეს არის მათი ფიქრი და სტრატეგია. იმის ნაცვლად, რომ ერთ უღელში ვიყოთ შებმული და ვექაჩებოდეთ, ასეთ რაღაცას ლაპარაკობენ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ამისთვის საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება. პრეზიდენტმა ისაუბრა კალენდარზე. დასახელებული ვადიდან ოქტომბრის არჩევნებამდე ექვსი თვეა. ამას გულისხმობდა და არა იმას, რომ, თითქოს, რაღაც გაუგებრობა შეიძლება, იყოს არჩევნების ჩატარების თარიღზე. სრული მობილიზებაა, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოგვარდეს. ნაკლები სპეკულაციები მოგვითხოვია ოპონენტებისგან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოესწრება.

„არსებულ პრობლემებს მიამიტურად და ინფანტილურად ვუყურებთ? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მოვასწრებთ, ამის სურვილი გვაქვს და შესაბამისი პაკეტია მომზადებული. ასეთ ვითარებაში განხილვა რომ დავიწყოთ, ოპოზიცია უნდა გვეუბნებოდეს, ახლა არ შეიძლებაო. დადგენილია ვადა და რა გადარეულები არიან ხელისუფლებაზე, რა ასეთი მისწრაფება გააჩნიათ, რომ რეალურ მდგომარეობას არც თვითონ აფასებენ და ხალხიც შეცდომაში შეჰყავთ? ყველაფერი თავის დროზე იქნება. იმ რესურსით, როგორც ვმუშაობთ, ამ პრობლემას დავძლევთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები