დავით ზალკალიანი: პრემიერის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს
“პრემიერმინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისვე თქმით, ყველა საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„პრემიერმინისტრის დავალებით, ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ავიარეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია, ეს ჭერი მტკიცედ და მყარად იყოს დაცული ავიაკომპანიის მიერ.
ჩვენი ყველა საელჩო 24-საათიან რეჟიმში აგროვებს ინფორმაციას და, ამ ინფორმაციის ანალიზის და გადამუშავების შედეგად, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსა და ავიაკომპანიასთან ერთად, ეტაპობრივად დავგეგმავთ სხვა მიმართულების სპეცრეისებსაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.