ხუნდაძე: წინ კიდევ გველოდება უფრო რთული პერიოდი, დაიცავით წესები, რომ ავიცილოთ ეს მასშტაბური საფრთხე
“შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ კიდევ გველოდება უფრო რთული პერიოდი”, – ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
ხუნდაძე მოქალაქეებს მიმართავს, მასშტაბური საფრთხის ასაცილებლად ყველა წესი დაიცვან.
“შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ კიდევ გველოდება უფრო რთული პერიოდი, ეს არის კრიზისული პერიოდი, სადაც უფრო მეტი იქნება კორონავირუსით ინფიცირების როგორც დაფიქსირებული, ასევე – დაუფიქსირებელი შემთხვევები.
დღეს უკვე გვაქვს შემთხვევა, რომლის ეპიდმისამართი არის რთული დასადგენი. ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია – თქვენს ხელთაა ბერკეტი, რომ აიცილოთ ეს საშიში ინფექცია, დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და დაიცვათ სხვების ჯანმრთელობა. ხშირად დაიბანეთ ხელი, სოციალური დისტანცირებაა მთავარი იარაღი, მოერიდეთ ახლო კონტაქტებს.
თუ ვინმეს აღენიშნება კლინიკური გამოვლინებები ტემპერატურა ან სხვა რაიმე გამოვლინება უჩვეულო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
დაიცავით წესები, რომ ავიცილოთ ეს მასშტაბური საფრთხე”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძემ კომენტარი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
თამუნა შეყილაძე