მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი. მისივე ინფორმაციით, სამი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული.
„დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა დასტურდება. აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრიდან არის. გუშინ თბილისის ინფექციურ კლინიკაში 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დანარჩენთან უარყოფითი. დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი.
პარალელურად როგორ იცით, შემოსულ პაციენტებთან, რომლებთანაც უკვე გავიდა 15-16 დღე პერიოდულად ტარდება ტესტირება, ჯერჯერობით დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებლი აქვთ ტესტის შედეგებს. რაც უკვე ამბობს, რომ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც განმეორება სჭირდება, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები