ვალეს შემორჩენილი უკანასკნელი მჭედელი (ვიდეო)

84 წლის ვალიკო გოზალიშვილი საკუთარ სამჭედლოში ახლობლებისა და მეზობლებისათვის საჭირო ნივთებს თითქმის ყოველდღე ამზადებს. თოხი, ბარი, ნამგალი, დანა და ხანჯალი -ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რასაც თანასოფლელებს სრულიად უსასყიდლოდ უმზადებს.

სამჭედლო, სადაც დღემდე მუშაობს, ოცი წლის წინ ააშენა. თუ ოსტატს თავის „სამფლობელოში“ მიაკითხავთ პირველ რიგში გახურებული ღუმელს, ცხელი რკინას, ხელსაწყოებსა და სამუშაო წინსაფარს დაინახავთ.

84 წლის მჭედელი ამბობს, რომ რკინა და მასთან მუშაობა მამისგან ისწავლა. წლების წინ სამჭედლოში მშობელთან ერთად მუშაობდა და უფროსის გამოცდილებას იზიარებდა. დღეს კი საკუთარ თავს „ვალეს შემორჩენილ უკანასკნელ მჭედელს“ უწოდებს.

“მამაც ამ ხელობით იყო დაკავებული. პატარა ვიყავი სამჭედლოში მივდიოდი და ვუყურებდი. ცოტა რომ გავიზარდე დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა. კოლმეურნეობის დროს ამით ფულსაც ვშოულობდი, მაგრამ ახლა ჩემს თანასოფლელებს უფასოდ ვემსახურები. ჩემს სამუშაო ადგილას ძველი ნივთებიც მაქვს შენახული. ადრე არ არსებობდა თანამედროვე მოწყობილობები და ყველაფერს ხელით ვამზადებდი. რკინას ხელით ვჭრიდით, ახლა დანადგარია და წვალება აღარ გჭირდება. დღეს ვალეს მარტო მე შემოვრჩი. ჩემი კოლეგები აღარ არიან, თუმცა ახლა ჩემი ბიჭი მეხმარება“,- უყვება „რეგიონულ კვირას“ რკინის ოსტატი.

ოსტატს 1 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, ამ საქმით შვილიშვილიც დააინტერესა და საკუთარი დიზაინით დანებს ხშირად ამზადებს. 84 წლის მჭედელი თავდაპირველად რკინას მაღალ ტემპერატურაზე აცხელებს და შემდეგ სასურველ ფორმას აძლევს. მას ასობით ხმალი, ხანჯალი და საყოფაცხოვრებო ნივთები აქვს დამზადებული.

როგორც ოსტატი გვიყვება, მან მთელი ცხოვრება რკინის გამოწრთობასა და დამუშავებაში გაატარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები