ამირან გამყრელიძე: დიდი მადლობა გიორგი ვაშაძეს ამ წინადადებისთვის, მეგონა, ტესტების ჩუქებას შემოგვთავაზებდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დახმარება გაუწიოს ტესტების მომწოდებლებთან დასაკავშირებლად.
გამყრელიძის თქმით, თუ ვაშაძეს სწრაფი ტესტების ჩუქება შეუძლია, მადლობლები იქნებიან, ხოლო რაც შეეხება მომწოდებლებთან დაკავშირებას – ეს მათ არ სჭირდებათ.
”დიდი მადლობა ბატონ გიორგი ვაშაძეს ამ შემოთავაზებისთვის, მეგონა, ტესტების ჩუქებას შემოგვთავაზებდა. ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი. დაკავშირება კომპანიებთან ნამდვილად არ გვჭირდება იმიტომ, რომ ყოვლდღიურად, დაახლოებით, ათამდე კომპანიის შემოთავაზება მოგვდის ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს და ეს შედეგები გადაცემულია სამინისტროში, რადგან ისინი პირდაპირი გზით, ცენტრალიზებულად აპირებენ ტესტების შესყიდვას. მოლაპარაკებები გვაქვს კორეასთანაც.
თუ ბატონ გიორგის შეუძლია, ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.