იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა მოეწყო
იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა წყალტუბოში სასტუმრო “პლაზაში” განთავსდა, სადაც ამ დროისთვის 75 ადამიანი იმყოფება.
როგორც “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, იმერეთის მასშტაბით ოთხივე საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“წყალტუბოში დაემატა მეოთხე საკარანტინო ზონა, სადაც ახლა არის 75ადამიანი, წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში კი – 115 მოქალაქეა გადაყვანილი, საჩხერეში 28, ხოლო საირმეში 192. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. გაიზრდება თუ არა რაოდენობა, ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 271 ადამიანი გადის.