ანა ჯაბაური: ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საიმედო
“ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო”, – ამის შესახებ მისი მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ცოტნე გამსახურდიას გადაყვანა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში იგეგმება.
“კორონავირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე – კოგნიტური ფუნქციები – აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერჯერობით, წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება”,- წერს ჯაბაური.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას, თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.