დავით ზალკალიანი: ესპანეთში ჩვენი საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტის შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
“უკვე იცით, რომ გვაქვს ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, გარდაცვლილი გახლავთ ხანდაზმული მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა თანმდევი სიმპტომები, ამიტომ, გარკვეულწილად, იყო გართულებული შემთხვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფაქტი მოხდა. ბუნებრივია, ვწუხვარ, ოჯახს ვუზიარებს ჩემს მართლაც გულწრფელ სამძიმარს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი წესით საქართველოში გადმოსვენება და ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლი. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე ესპანეთში საქართველოს საკონსულოს მუდმივი კონტაქტი აქვს ოჯახის წევრებთან.
“სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ჩვეულებრივი პროცედურებით ვერ წავალთ, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს სპეციალური გაწერილი პროტოკოლი, ამიტომ ჩვენი საკონსულო ესპანეთში იმყოფება კომუნიკაციაში ოჯახთან და ბუნებრივია, ოჯახთან შეთანხმებით მოხდება ამ პროცედურების გაწერა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწერილ პროტოკოლსა და წესებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, რომელცას, ასევე, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.