შუახევის მერია იაპონიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის – ,,ჩვენ და სუფთა გარემო” გამარჯვებული გახდა.
ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, უეჰარა ტადაჰარუმ მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, იაპონიის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას, გრანტის სახით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს 68500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც ითვალისწინებს სანდასუფთავების სერვისების გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში. პროექტის ბიუჯეტით შეძენილი იქნება ნაგავმზიდი ავტომობილი და ნაგვის კონტეინერები.
“ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც დიდწილად წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტში სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების დანერგვას. საგრანტო პროექტში ასობით განაცხადი შევიდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მუნიციპალიტეტებიდან. სასიხარულო ფაქტია ის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კონკურსის გამარჯვებული გახდა”, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
პროექტს ცალსახად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ითვალისწინებს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას, აღნიშნული დარგები კი მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, რაც სრულად აღმოფხვრის ინფექციის გავრცელების მიმართულებით რისკებს.