ირაკლი ჩიქოვანი: შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა
“სამწუხაროდ, ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს.
„სამწუხაროდ, ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანად, მაგრამ არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასევე ისე ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისათვის.
აუცილებელი, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოყენებული და რომელიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის, დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.