შურისძიების მიზნით ჩადენილი მკვლელობა – ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს თავისუფლების 12 წლით  აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა შურისძიების მიზნით მოკლა ვ.ჭ და, ასევე, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა იმავე სოფელში მდებარე ვ.ტ.-ს საცხოვრებელ სახლში.

“გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, სხვაგვარ ძალადობასა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში ბრალდებული ბ.ც. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, ბ.ც.-მ მისივე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ.ჭ. – ს გულმკერდისა და კისრის არეში ნაჯახით ჭრილობები, ხოლო ა.გ.-ს დანით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, ბ.ც. 2019 წლის 7 დეკემბერს, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა იმავე სოფელში მდებარე ვ.ტ.-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
სამართალდამცველებმა ბ.ც. 2019 წლის 8 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები