ირაკლი ჩიქოვანი: ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, საქართველოში დავაბრუნოთ
“ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვთ, დავაბრუნოთ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან და აქვთ სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში, ხელი შევუწყოთ. მოქმედებს რამდენიმე კომერციული რეისი, რომელიც სრულდება საქართველოს დროშის ქვეშ მყოფი ავიაკომპანიების მხრიდან. ასევე, საქართველოს დიპლომატიური სამსახური და საკონსულო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ განსაზღვრონ კონცენტრაციის ადგილები, რომლებიც ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აერთიანებს. ამის გათვალისწინებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ საიდან განხორციელდება სპეციალური რეისები იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები სამშობლოში დავაბრუნოთ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.