გიორგი გახარია: ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, პირველ ყოვლისა, არის ეფექტური, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც
“ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, პირველ ყოვლისა, არის ეფექტური, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც, მათ შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაური ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ოპონენტებმა წარმოადგინეს, არის კრიტიკა კრიტიკისთვის.
„მე მესმის, რომ დღეს რაღაც პოზიცია უნდა დააფიქსირო და ეს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს კრიტიკა, გავიგე, ამას ჩვენ ნორმალურად ვუყურებთ, თუმცა ეს არის კრიტიკა კრიტიკისთვის.
ბიზნესს, ამ გეგმით, ლიკვიდობის სახით, კომპანიებში დარჩება მილიარდი ლარი. ეს ერთი. ეს გეგმა არის გათვლილი 4 თვეზე. როგორც კი ჩვენ 2 თვეს გავივლით და ვნახავთ შედეგებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავსხდებით ბიზნესთან და განვიხილავთ არის თუ არა კიდევ დამატებითი ნაბიჯები გადასადგმელი. გავითვალისწინოთ ერთი რამ, ეს არის პროცესი და სახელმწიფომ თავისი რესურსი რომ გამოიყენოს ეფექტურად, არ შეიძლება კრიზისში შესვლის პირველივე დღეს, ყველაფერი აიღო და დადო იმისთვის, რომ 1 თვის თავზე, უბრალოდ, ინსტრუმენტები არ დაგრჩეს. ეს არის კრიზისი, რომლის მსგავსი სამყაროს ჯერ არ გაუვლია. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ეფექტურობის მიზანი და ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ეფექტურად და არ გავისროლოთ ყველაფერი ერთ დღეში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.